თავისი ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღით და ბულვარით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებითა, კაფეებით და ბარებით ქალაქი ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.
არქიტექტურული ძეგლები და ადგილები, რომლებიც აქ უნდა ნახოთ:
ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სახლი, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე დგას. რენესანსულ-ბაროკოული სტილის შენობა, რომლის ფასადს ატლანტები ამშვენებს, მე-19 საუკუნის ბოლოს, ბათუმელმა კომერსანტმა ნიკო საბაშვილმა ააგო. ატლანტები და სახლის ჩუქურთმების დიზაინი, იმჟამად პარიზიდან ახალჩამოსულ მხატვარ-მოქანდაკე სერაფიმე პოლოლიკაშვილს ეკუთვნის. სერაფიმე მონაწილეობდა ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ფასადის გაფორმებაშიც.
ლადო ასათიანის 45 ნომერში, მდებარეობს გამორჩეული არქიტექტურის მქონე ნაგებობა, რომელშიც დღეს ბათუმის საკრებულოს მუნიციპალიტეტია განთავსებული.
ზუბალაშვილის ქუჩაზე დაინახავთ გოთიკური სტილის, შთამბეჭდავი არქიტექტურის მქონე ნაგებობას, რომელშიც 1989 წლამდე კათოლიკური ეკლესია იყო განთავსებული. ეკლესიის მშენებლობა, კათოლიკური მრევლის ინიციატივით 1897 წელს დაიწყო. ტაძრის აგებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ დროისთვის საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კომერსანტ, სტეფანე ზუბალაშვილს. მშენებლობა 1902 წელს დასრულდა.
ბათუმის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი, მის ეკლექტურობაშია. ვაჟა-ფშაველას 33 ნომერში ნახავთ საუკუნის წინ აშენებულ სინაგოგას. მე-19 საუკუნის ბოლოს, სინაგოგის აშენების თხოვნით ბათუმში მცხოვრებმა ებრაელებმა რუსეთის იმპერატორს მიმართეს. მშენებლობა მალე დაიწყო და 1904 წელს სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა.
მემედ აბაშიძის 49 ნომერში მდებარეობს ბათუმის არქიტექტურულად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ლამაზი შენობა, რომელშიც დღეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელეთა სახელმწიფო თეატრია განთავსებული.
ბათუმის მეჩეთი - ორთა ჯამე აჭარაში, ქალაქ ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მდებარეობს. იგი ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, ის ჯერ კიდევ ოსმალური ხელისუფლების დროს არის აგებული, 1866 წელს. ორთა ჯამე გვიანოსმალური პროვინციული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიმუშია. მისი ინტერიერი აღმოსავლური ორნამენტებით ლაზმა ოსტატებმა მოხატეს. ნაგებობის ოქროსფერი გუმბათი და მაღალი, თეთრი მინარეთი შორიდანვე იქცევს ყურადღებას და ბათუმის მულტიკულტურული ურბანული გარემოს შექმნაში არსებით როლს ასრულებს.
პირველი შუქურა აქ 1863 წელს აიგო, იგი თუჯის სვეტს წარმოადგენდა, რომელზეც დიოპტრიული ნათურა იყო დამონტაჟებული. 1882 წელს კი ძველი ნაგებობა ფრანგმა კონსტრუქტორებმა გადააკეთეს, მათ ქვის რვაწახნაგოვანი ფორმის შუქურა ააგეს და მის ზედა ნაწილზე ცილინდრული ფორმის მცირე კოშკი აღმართეს, სადაც სანათი მოწყობილობა განთავსდა. იგი 150 წელზე მეტია შავ ზღვაში შემოსულ გემებს მიართულებას აძლევს, მისი ნათება 14 საზღვაო მილს აღწევს.
იგი წარმოადგენს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებულ ტაძარს როგორც არქიტექტურული, ასევე მხავრული ღირებულებაც აქვს. ტაძარი აშენდა 1897 წელს, მეცენატი ძმები ზუბალაშვილების მიერ. შენობა ნეო-გოთური სტილითაა აგებული და სამგუმბათიანია.
ნეოგოთიკური სტილის დარბაზული ეკლესია თეთრი ქვით არის ნაგები, ხოლო დეკორაციული ელემენტები წითელი ქვითაა გამოყვანილი. ტაძარს ორი დახვეწილი კოშკი და ფერადი ვიტრაჟული სარკმლები ამშვენებს, რომლებიც ამაღლებულ და მისტიკურ ატმოსფეროს ქმნის. შენობის ფასადი წმინდანთა ქანდაკებებით, ხოლო ინტერიერი ძველი და ახალი აღთქმის ამსახველი სცენებითაა შემკობილი.
გამოირჩევა მხატვრული, მოზაიკური და ვიტრაჟული ხელოვნების ნიმუშებით. მოედანს გარს აკრავს რესტორნები, კაფეები, სასტუმროები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საათები მოძრავი ფიგურებით, შენობების კასკადი - აშენებული როგორც პატარა იტალია, საღამოობით ცოცხალი მუსიკა და სხვა.
ევროპაში ყველაზე დიდი ფიგურატული მარმარილოს მოზაიკის მქონე ეს მოედანი ბათუმელებისა და მისი სტუმრების თავშეყრის კიდევ ერთი საყვარელი ადგილია.
მოზაიკის კონცეფციაა ზღვის სტიქიის მარადიული მოძრაობის და თანამედროვე საქალაქო სივრცის განუწყვეტელი განვითარების შერწყმა. მოზაიკის კომპოზიცია წარმოადგენს სხვადასხვა დიამეტრის რვა წრეს, რომლებიც უშუალოდ ერთმანეთშია მოთავსებული, რაც მოგვაგონებს წყლის ძაბრს ზღვის წყნარ ზედაპირზე. ყველა წრე მორთულია სხვადასხვა ორნამენტული და ფიგურატული ელემენტებით.
აიგო 2000 წელს ბათუმელი კათოლიკეების მიერ. ეკლესია ამიერკავკასიის ადმინისტრატორმა მეუფე ჯუზეპე პაზოტომ აკურთხა.
არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, რომელიც განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის რესკონსტრუირებულ კოშკზე.
სპეციალური მექანიზმით აღჭურვილი "ასტრონომიული საათი", რომელიც რეალური დროის ჩვენების პარალელურად, საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ასტრონომიული ინფორმაცია. კერძოდ: მზის, მთვარის, ზოდიაქოს თანავარსკვლავედისა და პლანეტების განლაგება. ასევე, ის უჩვენებს მერიდიანს, ჰორიზონტს, მზის გადაადგილების მიხედვით მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს, მთვარის ასაკსა და მთვარის რეალურ მოძრაობას დედამიწის გარშემო.
მონუმენტური შადრევანი, მდებარე ბათუმის დრამატული თეატრის წინ, სკვერში, ქალაქ ბათუმში. იგი 5 ფრაგმენტისაგან შედგება, რომელთა ცენტრშიც, კვარცხლბეკზე მდგარი, მოოქროვილი ნეპტუნის ქანდაკებაა განთავსებული, ირგვლივ კი, შადრევანია, რომელიც ოთხი ქალთევზას ფიგურათა კომპოზიციას წარმოადგენს.
ბერძნული მითოლოგიის გმირის, კოლხი პრინცესა მედეას მონუმენტი საქართველოს ქალაქ ბათუმში, თავისუფლების მოედანზე, ახლოს ასტრონომიულ საათსა და ნეპტუნის ქანდაკებასთან.
მოძრავი სკულპტურული კომპოზიცია ბათუმის ბულვარში, საქართველოს შავი ზღვის კურორტის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.
ათწლეულების მანძილზე ბათუმის ბულვარი იზრდებოდა და იცვლებოდნენ მისი ღირსშესანიშნაობებიც, თუმცა კოლონადას არასდროს დაუკარგავს აქტუალობა და ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათადაც იქცა.
ანტიკური სტილის კოლონადების პროექტი, იტალიიდან 1930 წელს, მაქსიმ გორკის დახმარებით ჩამოიტანა ბათუმელმა ექიმმა ივანე მჭედლიძემ.
კოშკი წარმოადგენს ზუსტ ასლს იმ ნაგებობისა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქ ბათუმს ამშვენებდა.
ტურისტების მოზიდვის მიზნით კოშკიდან კვირაში ერთხელ 10-15 წთ განმავლობაში ქართული ალკოჰოლური სასმელი "ჭაჭა" გადმოიღვრება. ჭაჭის კოშკის სიმაღლე მთლიანობაში შეადგენს 25 მეტრს, მთავარი გუმბათი 25 მეტრის სიმაღლეზეა განთავსებული, ხოლო დანარჩენი 4 გუმბათი 5 მეტრის სიმაღლეზე. კოშკის მე-18 მეტრზე დამონტაჟებულია საათი. შენობა შემოსაზღვრულია 4 აუზით, საიდანაც მოხდება ჭაჭის დინება სპეციალურად განთავსებული სენსორული მოწყობილების საშუალებით. ჭაჭის გასინჯვა აქ უფასოა და ყველა სტუმარს შეუძლია გასინჯოს და შეაფასოს ეს ქართული სასმელი.
კოშკი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე არქიტექტურული შენობაა.
ანბანის კოშკი ქალაქის საზღვაო სანაპირო ზოლში, ბულვარში მდებარეობს. იგი ქალაქის პანორამების დასათვალიერებლად ერთ-ერთ საუკეთესო ადგილია. ის უნიკალური შენობაა, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
შენობის თავზე არის ბურთი, რომელიც განთავსებულია სამ სართულზე:
• პირველი სართული - სხვა არაფერია, თუ არა ლიფტი, რომელსაც შეუძლია მეორე და მესამე სართულზე მიგიყვანოთ;
• მეორე სართულზე განთავსებულია ყავის მაღაზია, სუვენირების მაღაზია, ბათუმის ფოტოების ექსპოზიცია, საინფორმაციო-ტურისტული ზონა, მბრუნავი პანორამული რესტორანი, ღია ტერასა და ობსერვატორია. პანორამული რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და ერთი საათის განმავლობაში სტუმრებს ბათუმის ხედების დათვალიერების საშუალებას აძლევს. კოშკში საკონფერენციო დარბაზი და VIP ოთახებიც მდებარეობს;
• მესამე სართული აშენდა ტექნიკური მიზეზების გამო, არსებობს საწინააღმდეგო წონა, იგი ეხმარება კოშკს არ აირიდოს, რადგან სანაპიროზე, სადაც ის დგას ყოველთვის ქარიანია.