სად აპირებთ 2024 წლის შეხვედრას? ოჯახის წევრებთან ერთად თუ მეგობრებთან? სახლში თუ ღია ცის ქვეშ? ყველა ვარიანტი საინტერესოა და კარგია, მაგრამ თუ გინდათ დაუვიწყარი დრო გაატაროთ და თან საინტერესო თავგადასავლებს ეძებთ ახალი წლის შესახვედრად ბათუმი იდეალური ქალაქია.
წარმოგიდგენთ იმ ძირითად მიზეზებს თუ რატომ უნდა ეწვიოთ ბათუმს:
- აღმოაჩინოთ ზამთრის ბათუმი - გისეირნიათ ზამთარში ბათუმის ქუჩებში აუჩქარებლად, და შეგიგრძნიათ ბათუმის მშვიდი მხარე? თუ არა – მაშინ ეს ყველაფერი წინ გაქვთ. ზამთარში ბათუმი თითქოს სხვა ქალაქს ემსგავსება, უფრო მშვიდი, მაგრამ კვლავინდებურად მრავალფეროვანია. დღისით შეგიძლიათ ისეირნოთ ძველი ბათუმის ქუჩებში, მუზეუმებში შეიაროთ, წახვიდეთ თეატრში, კინოში, ისეირნოთ ბულვარში და ნახოთ, რა ფერისაა ზღვა ზამთარში. საღამოს როცა საახალწლოდ მორთული ბათუმში განათება აინთება, აუცილებლად შეიარეთ კაფეში და დააგემოვნეთ აჭარული კერძები.
- ბათუმიდან აჭარის მთებისკენ – ახალი წლის დღეებში ბათუმში შეიძლება თოვდეს კიდეც, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. თუ ზამთარი თქვენთვის თოვლის გარეშე წარმოუდგენელია ბათუმიდან სულ რაღაც 2,5 საათის სავალზე აღმოჩნდებით, კურორტ გოდერძზე - ზამთრის ნამდვილ ზღაპარში. აქ შეგიძლიათ ისრიალოთ თხილამურებით, გაისეირნოთ საბაგირო გზით და შესანიშნავად გაერთოთ.
- გაერთეთ მეგობრებთან ერთად კაფეში ან რესტორანში – ახალი წლის დღეებში ბათუმში უამრავი კაფე-ბარი და რესტორანი სტუმრებს საინტერესო გასართობ პროგრამას სთავაზობს, გამორჩეული და გემრიელი კერძებით. თქვენი გადასაწყვეტია სად წახვიდეთ – დახვეწილ რესტორნში თუ თანამედროვე კაფე-ბარებს ეწვიოთ, გართობა ქალაქის შუა გულში მდებარე ადგილას გინდათ, თუ ზღვის პირას. ახალი წლის შეხვედრის შემდეგ კი, დილას, ნამდვილი აჭარული ხაჭაპური და ბათუმური ყავა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რა სწორად მოიქეცით, ახალი წლის შესახვედრად ბათუმს რომ ეწვიეთ.