ბათუმი მთელი შავი ზღვის რეგიონში გამორჩეული ადგილია ძველი და ახალი არქიტექტურული შენობებით, უძველესი პორტით, ბოტანიკური ბაღით და ბულვარით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებით, კაფეებით და ბარებით. აქ თქვენთვის ყველაფერია, რომ დაისვენოთ, შეიცნოთ ბათუმის ცხოვრება და აჩუქოთ საკუთარ თავს საინტერესო თავგადასავალი.
ბათუმში ვიზიტისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქალაქის შუაგულში არსებული ღირშესანიშნაობა - ევროპის მოედანი. XIX-XX საუკუნის არქიტექტურით დამშვენებული მოედანი თანამედროვე ბათუმის სახეა, რომელიც საყვარელი ადგილია არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ბათუმელი მაცხოვრებლებისთვისაც. აქ განთავსებულია მედეას ქანდაკება, რომელსაც ხელში ოქროს საწმისი უჭირავს ძველი კოლხეთის სიდიადისა და სიძლიერის სიმბოლოდ. მოედანზე შეხვდებით უნიკალურ შენობებს და შადრევანს.
ძველი ფასადების და ახალი შენობების საუცხოო სინთეზი კი, განსაკუთრებით მიმზიდველია ღამით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ამ ადგილმა არა ერთ საერთაშორისო დონის კონცერტს უმასპინძლა. ასევე აქ ჩატარდა სხვა და სხვა ქართველი თუ უცხოელი ვარსკვლავის კონცერტი : კარერასი, ბუენო ვისტა, ანდრეა ბოჩელი და ა.შ.
ევროპის მოედნის მონახულებისას, შეგიძლიათ, გაეცნოთ გასული საუკუნის ისტორიას, დატკბეთ არქიტექტურით ან ეწვიოთ მოედნის გარშემო არსებულ კაფეებს, რესტორნებს და დააგემოვნოთ უგემრიელესი აჭარული კერძები. ეს მართლაც მომაჯადოებელი ადგილია, რომელიც საუცხოო ატმოსფეროს ქმნის და გელით, რომ მოგიყვეთ თავისი ისტორია.