თუ ახალ შთაბეჭდილებას ეძებ, გინდათ გამოწვევები და დაუვიწყარი თავგადასავლები, მაშინ აუცილებლად მოინახულეთ ხიხანის ციხე. ეს ადგილი ნამდვილ სამოთხეს მოგაგონებთ, სიმწვანეში ჩაფლული უზარმაზარი არემარე, რომელიც ღრუბლებს უახლოვდება ვიზიტორებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს. თუ გადაწყვეტთ შუა საუკუნეების ციხესიმაგრის მონახულებას, მოგიწევთ გაემგზავროთ აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში, ბათუმიდან სულ რაღაც 3 საათის სავალზე. ხიხანის ციხე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში, რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას იყო აშენებული და ქართველ დიდებულთა ერთ–ერთ თავშესაფარს წარმოადგენდა. როცა მტერი სძლევდა თბილისისა და გორის სიმაგრეებს, ისინი ამ ციხეს აფარებდნენ თავს.
ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტარამდეა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული. დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. ციხესიმაგრის სამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი - X-XI საუკუნეებისა, ახალი XVII-XIX საუკუნეებისა. ხირხათში მრავალი ნაგებობის ნანგრევია შემორჩენილი, მათგან ზოგი ნაწილობრივ, ზოგიერთი კი სრულიად დანგრეულია. ლეგენდის მიხედვით იხანის ციხეს ბევრი მიწისქვეშა საიდუმლო გზები ჰქონია, რომელთა საშუალებით გაჭირვების დროს ახლომახლო სოფლებს უკავშირდებოდნენ.
ყველა დროის მნიშვნელოვან ძეგლს თამარ მეფეს მიაწერენ და მასთან დაკავშირებით უამრავი ლეგენდაა შემორჩენილი. თურმე ხიხანის ციხესთან ახლოს მდებარე სოფელ ბაკოში არის გვირაბი. მოსახლეობა მას ყვიახოს მაღაროს ეძახის, რომელიც დაკავშირებული იყო ხიხანის ციხესთან, საიდანაც თამარ მეფე სალოცავად დადიოდა. ასევე ხიხანის ციხიდან პრასნაულის მთის ქვეშ გაყვანილი გვირაბით, სოფელ ყველში – ფოცხოვის ხეობაში გადადიოდა. როცა ირანის შაჰმა ამ გვირაბს მიაგნო, მოინდომა თამარის შეპყრობა და ჯარი ჩაუსაფრა. თამარ მეფე კი შაჰს არ ჩაბარდა და თავი მოიწამლა ბეჭდის თვალში შენახული საწამლავით.