აჭარული სამზარეულო ქართული კულინარიის მარგალიტია, რომელზეც დიდი გავლენა იქონია მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა, ამ ბლოგში წარმოგიდგენთ აჭარის ტრადიციული და დღემდე შემონახული კერძებს, რომელიც ზემო აჭარაში სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ, რათა შეიგრძნოთ ადგილობრივი სამზარეულო. მაღალმთიან აჭარაში კერძების 95 % კარაქით მზადდება, შესაბამისად, აჭარული, ტრადიციული კერძები ცხიმოვნობით და ნოყიერებით გამოირჩევა.
ბორანო
ბორანოს მომზადებისას წნილ ყველს ყრიან ცხელ წყალში და ზემოდან ასხავენ დამწვარ კარაქს ან მთის დაწნულ ყველს, დაჭრილს და ცხელწყალგადავლებულს ცივ კეცში აწყობენ და ზევიდან მომწვარ კარაქს ასხავენ. კერძი გემრიელი და ნოყიერია, ძალიან უხდება ჭადი, ძირითადად საუზმეზე და ვახშამზე მიირთმევენ. ბორანო მზადდება სხვადასხვანაირად მაგალითად: კარტოფილით, კვერცხით, ჭადის ფქვილით, თუმცა ძველი და ტრადიციული წესით მხოლოდ ყველით მომზადებული ბორანოა.
ყაისაფა
ყაისაფა ერთ-ერთი ტრადიციული კერძია რომელიც მეტ ცნობადობას ნამდვილად იმსახურებს მისი გამორჩეული გემოს გამო. კერძი ქლიავის ჩირისგან მზადდება, ქლიავის ჩირი ჯერ იხარშება, მოხარშულს კი ზემოდან ნიგოზი და შაქარი ეყრება. სულ ბოლოს დამწვარ კარაქს მოასხამენ და კერძიც მზად არის. ძალიან გემრიელია ჩაისთან ერთად, წასახემსებლადაც უნიკალურია რადგან მალე ანაყრებს.
აჭარული ჩახოხბილი ბრინჯით და ნიგვზით
სტანდარტული ჩახოხბილისგან განსხვავებით აჭარაში ეს სრულიად სხვა კერძია. აჭარლების მიერ მომზადებული ჩახოხბილი ქათმისგან მზადდება თუმცა აჭარლები ერთ ჭიქა მოხარშულ ბრინჯს და ნიორთან ერთად ჩანაყულ ნიგოზს ამატებენ. საბოლოოდ გამოდის უგემრიელესი ქათმის წვნიანი ბრინჯით და ნიგვზით.
ქალაჯო
ქართული სუფრის გამორჩეული ნაწილია ჭადი და ყველი. აჭარლები უკვე გაციებული ჭადისგან ქალაჯოს ამზადებენ. ერთ კოვზ დამწვარ იაღში ამატებენ ორ ჭიქა წყალს, შემდეგ დიდი სუფრის კოვზით ნადუღს, ცოტა მარილს გემოვნებით და როცა ეს ყველაფერი წამოდუღდება ამატებენ პატარა ნაწილებად დატეხილ ჭადს. ქალაჯოსსხვადასხვა გემო აქვს, რადგან ზოგი ნიორს, ზოგი კი ნიგოზს ამატებს.