აჭარის სამთო კურორტების გამორჩეული წარმომადგენელია ბეშუმი, რომელიც ალპურ ზონაში ზღვის დონიდან 1850-2000მ-ზე, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ბათუმიდან კი 120 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. აქ ვიზიტისას აღფრთოვანებული დარჩებით ზღაპრული ბუნებით, გაეცნობით მდიდარი კულტურისა და ტრადიციების მქონე კურორტს და დააგემოვნებთ უგემრიელეს კერძებს.
ტერიტორია დაფარულია წიწვოვანი და ალპური ტყეებით, რაც დამსვენებლისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის. საღამოობით შეგიძლიათ გაშალოთ კარავი, დაანთოთ კოცონი და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში სასიამოვნო დრო გაატაროთ. ასევე შესაძლებელია საფეხმავლო, საცხენოსნო და ველო ტურების მოწყობა. ბეშუმში ძირითადად საკურორტო სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება, შესაბამისად ზაფხულობით ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება. აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება ტრადიციული-სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“. ეს დღესასწაული გამოირჩევა თავისი ადგილობრივი რეწვის ნიმუშებისა და კულინარიული შედევრების გამოფენა-გაყიდვით, შეჯიბრებებით, დოღით და გასართობი აქტივობით.
ბეშუმი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია, რომლის მთავარი სამკურნალო ფაქტორებია: ჰაერის გამჭირვალობა და ტენიანობა, კარგი სასმელი და მინერალური წყლები, სამკურნალო ტალახები, მზის ულტრაიისფერი სხივები, მდიდარი ბუნებრივი გარემოა. აქ მკურნალობენ სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზურ დაავადებებს, სისხლნაკლებობას, ბავშვთა ქრონიკულ დაავადებებს.
თუ გეგმავთ დასვენებას და არ იცით სად წახვიდეთ, გინდათ გაექცეთ ქალაქის ხმაურს და მაღალ ტემპერატურას, მაშინ თქვენ უნდა ეწვიეთ ბეშუმს, რომელიც დაუვიწყარ თავგადასავალს და სასიამოვნო ემოციებს გპირდებათ.