ბათუმის დათვალიერება პირველ რიგში მის ქუჩებში გასეირნებით და XIX- XX საუკუნეების არქიტექტურის დათვალიერებით უნდა დაიწყოთ. ამ ქალაქში ასევე შეძლებთ ყველა მთავარი რელიგიური მიმდინარეობის (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი, ისლამი, იუდაიზმი) საკულტო ნაგებობების მონახულებას. ბათუმისა და ზოგადად აჭარის ტერიტორიის უძველესი ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესოა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, სადაც უნიკალური მასალაა (ქართული და უცხოური წარმომავლობის მონეტები, ბრინჯაოს, მინისა და კერამიკის ჭურჭელი და სხვა) წარმოდგენილი ბრინჯაოს ხანიდან ახ. წ. შუასაუკუნეების ჩათვლით. ეს მზიანი, ზღვისპირა ქალაქი რა თქმა უნდა წარმოუდგენელია ბულვარის, შადრევნების, თანამედროვე არქიტექტურის, იახტებისა და მზის ჩასვლის პეიზაჟის გარეშე. საბოლოოდ კი ამწვანებული წალკოტი - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მრავალფეროვანი მცენარეულობითა და ულამაზესი ხედებით, ნამდვილად მოგგვრით სიმშვიდესა და აღტაცებას.
ღირსშესანიშნაობები