ბათუმი ეს არ არის მხოლოდ ქალაქი, სადაც შეგიძლიათ წელიწადის ნებისბიერი სეზონი საინტერესოდ გაატაროთ. ბათუმი ეს ერთ სიტყვაში ჩადებული უამრავი ემოციაა, რომელიც წარსულის და მომავლის სიმბოლოა. აქ თითოეული ადგილი თავის ისტორიას ყვება, თითოეულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ნაგებობას საკუთარი მნიშვნელობა და ემოცია აქვს. წარმოგიდგენთ ხუთ მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ უნდა გადახვიდეთ ზღვისპირად და აქციოთ ბათუმი საკუთარ სახლად.
1. გამორჩეული არქიტექტურა
ბათუმში წრმოდგენილია ძველი და ახალი არქიტექტურული შენობები, ევროპული მოედნები და ქუჩები, მსოფლიო ბრენდების მაღალი კლასის სასტუმროები, კაფეები და ბარები, რომლებიც ბათუმს ევროპის გამორჩეულ ქალაქად აქცევს. აქ შეხვდებით წარსულისა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის საინტერესო სინთეზს, უამრავ გამორჩეულ ქანდაკებასა და ნაგებობას როგორიცაა: სინაგოგა, თოჯინების თეატრი, ბათუმის შუქურა, პიაცა, მედეას ქანდაკება, ანბანის კოშკი, ასტრონომიული საათი, კოლონადები და ა.შ.
2. ულამაზესი სანაპიროები
მომაჯადოებელი ბუნება და ულამაზესი სანაპირო ზოლი ადამიანის გულს ათბობს და დაუვიწყარ ემოციას ჩუქნის. ხმაურიანი ტალღები, მცხუნვარე მზე იდეალური გარემოს ქმნის. აჭარაში უამრავი ასეთი ადგილია, რომელიც შეგიძლიათ რუკაზე მოინიშნოთ და ეწვიოთ. მაგალითად: ციხისძირი, კვარიათი, ქობულეთი და მწვანე კონცხი.
3. უსაფრთხო ქალაქის სტატუსი
ევროპაში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ვებგვერდი “European Best Destinations’, რომელიც მოგზაურობის მსურველებს აწვდის ტურისტულად საინტერესო მიმართულებების შესახებ ინფორმაციას, ბათუმს ტურისტულად უსაფრთხო ადგილად ასახელებს. სტატიაში წერია: “ბათუმი - ევროპაში უსაფრთხო მიმართულება. ევროპის დედაქალაქებთან შედარებით აქ კრიმინალის დონე 5 - ჯერ დაბალია. “
4. ტურიზმის განსხვავებული სახეობები
მოგზაურობა ახალი ადგილების დათვალიერება და თავგადასავლების ძიებაა. ყველა ადამიანი თავისი ინტერესისა და სურვილის მიხედვით ირჩევს მარშრუტს. აჭარაში მოგზაურობისას კი შეგიძლიათ ერთ სივრცეში დაკავდეთ ტურიზმის 11 სახეობით, როგორიცაა: საზღვაო, საკრუიზო, ეკო, გასტრონომიული, ღვინის, კულტურული, სამთო-სათხილამურო, აგრარული, სათამაშო, საქმიანი ტურიზმი და ფრინველებზე დაკვირვება.
5. აჭარული კერძები
აჭარული სამზარეულო ქართული კულინარიის მარგალიტია, რომელზეც დიდი გავლენა იქონია მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა. არსებობს კერძები, რომლის ნამდვილ გემოს მხოლოდ აჭარაში შეიგრძნობთ, მაგალითად: აჭარული ხაჭაპური, აჩმა, ბორანო, სინორი და ბაქლავა.