საქართველოს ულამაზესი კუთხე აჭარა ზღაპრული ბუნების, ულამაზესი სანაპირო ზოლის, ტურისტულად მიმზიდველი ინფრასტრუქტურის, საუცხოო მუზეუმების და თანამედროვე არქიტექტურის გარდა, გამოირჩევა საუკუნოვანი ისტორიით, რომელიც წარსულში მოგზაურობის შესაძლებლობას გაძლევთ. წარმოგიდგენთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი და გამორჩეული არქიტექტურის მქონე ეკლესია-მონასტრს, რომელიც აჭარაში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
- ხინოწმინდის საეპისკოპოსო ტაძარი - IX საუკუნით თარიღდება და აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხინოში მდებარეობს. ტაძარი XVIII საუკუნეში, ოსმალების ლაშქრობის დროს დაზიანდა და დღესდღეისობით მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. ხინოწმინდის კომპლექსის მთავარ ნაგებობას ტაძარი წარმოადგენდა, რომლის ირგვლივ დამხმარე ნაგებებობები გალავნით იყო გარშემორტყმული. ეკლესია ამჟამად დანგრეულია, შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3 მეტრს არ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური გეგმის ტაძარი საქართველოს ტერიტორიაზე ნაკლებად არის ცნობილი.
- ჩეხედანას ეკლესია - 1609 წელს მამია II გურიელმა ააგო თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის შესაწყნარებლად. მდებარეობს აჭარაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაფონაში. ჩეხედანას ტაძარი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქედ დაადგინეს, რაც ნიშნავდა, რომ გურიაში ჩასულ იერუსალიმის პატრიარქს წირვა აქ უნდა აღესრულებინა. ამჟამინდელი ტაძარი XX საუკუნის 90-იან წლებში დანგრეული ძველი ეკლესიის საძირკველზეა აშენებული
- ვერნების ეკლესია - აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნებში, შემაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. იგი XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და ოსმალთა ბატონობის ხანაში ძალიან დაზიანდა და დღესდღეისობით ისტორიული ძეგლის მცირე ნაწილია შემორჩენილი. ტაძარი დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, სამხრეთის მინაშენით, რომელიც საძვალედ იყო გამოყენებული. დარბაზი აღმოსავლეთით სწორკუთხედში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. ძირითადი სივრცე გრძივი კედლების პროფილირებული პილასტრებითა და კამარის საბჯენი თაღებით სამ მონაკვეთად იყო დანაწევრებული. საკურთხევლის თაღიც იმპოსტებით ყოფილა შემკული.
- ვანაძეების ეკლესია - XII-XIII საუკუნეებით თარიღდება და აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვანაძეებში მდებარეობს. ტაძარი განადგურებულია, შემორჩენილია მხოლოდ მისი მცირე ნაშთები. ეკლესიის აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლების ფრაგმენტები თითქმის აღარ არის შემონახული, უფრო უკეთ ჩანს აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლების ნაწილი. ეკლესიის ტერიტორიაზე მიმობნეულია საფასადო წყობის ფრაგმენტები, კამარის და თაღის ქვები, ასევე ლორფინის ფილები.
- საციხურის ეკლესია - IX-X საუკუნეებით თარიღდება და აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მდებარეობს. ტაძარმა მხოლოდ ნანგრევების სახით მოაღწია, შემორჩენილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლის ნაწილები. თურმე ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენდა. ხშირად საციხურის ეკლესიას „ჯვართანს“ უწოდებენ.
- თიკინაურის ეკლესია -X-XI საუკუნეებით თარიღდება და აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ხიხაძირიდან 1,5 კმ-ს დაშორებით. ეკლესია მცირე ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენდა, რომელიც დღესდღეობით საძირკვლის დონემდეა დანგრეული.
- კალოთის ეკლესია - XI-XIII საუკუნეების ძეგლია, რომელიც აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში მდებარეობს. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს სამხრეთის მინაშენით, ეს უკანასკნელი საძვალედ გამოიყენებოდა. დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. კალოთის ეკლესიის კედლები მოპირკეთებული ყოფილა კარგად დამუშავებული ქვის ფილებით და შემკული იყო ჩუქურთმებით. დღეს ეკლესია ნანგრევების სახითაა შემორჩენილი.
- ზვარის წმინდა გიორგის ეკლესია - აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მდებარეობს. ნაგებობა დარბაზული ტიპისაა და აღმოსავლეთით ნახევარწრიული ფორმის შვერილი აფსიდით სრულდება. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე აქვს მიშენებული, რომელიც სამი მხრით თაღებითაა გახსნილი. ტაძრის ყველა სარკმელი და შესასვლელიც თაღოვანია. ფასადებს სადა პროფილის მქონე ლავგარდანი შემოუყვება. გარდა ლავგარდნისა, ფასადებზე არანაირი დეკორატიული ელემენტი არ გვხვდება. ეკლესიის დასავლეთით კვადრატული მოზახულობის სამსართულიანი სამრეკლო დგას, რომელიც კარიბჭის ფუნქციასაც ასრულებს.