ზარის მოთხოვნა შესვლა
ბინის არჩევა კომპანია მშენებლობის ნებართვა გენერალური გეგმა სიახლეები F.A.Q. რატომ ბათუმი კონტაქტი
EN RU
+995 592 90 20 20
EN RU
+995 592 90 20 20 ზარის მოთხოვნა შესვლა

შავი ზღვა- ფასდაუდებელი ბუნებრივი რესურსი

შავი ზღვა უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიაა. მისი საშუალებით შესაძლებელია დავუკავშირდეთ მსოფლიოს საზღვაო ქვეყნებს, ცენტრალურ ევროპასა (მდ. დუაით) და რუსეთს (ვოლგა-დონით). განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის სანაპირო წყლების რეკრეაციული გამოყენება. ზღვის სანაპირო ზოლში არაერთი მსოფლიოში ცნობილი კურორტია. საქართველოს ფარგლებში, ზღვის კურორტის მახლობლად მდიდარი, მცენარეულობით შემოსილი მთებია განლაგებული. ისინი ულამაზეს პეიზაჟს ქმნიან.  

შავი ზღვა არ გამოირჩევა რთული მოხაზულობით, ამიტომ იგი მოსახერხებელია ნაოსნობისთვის. შავი ზღვა მდებარეობს ჩ.გ. 41-სა და 46 გრადუსს შორის, მისი მაქსიმალური სიგრძეა 1150 კმ, მაქსიმალური სიგანე - 580 კმ, მაქსიმალური სიღრმე - 2211 კმ, სანაპირო ხაზის სიგრძე - 3400 კმ.  საქართველოს სანაპიროზე მოდის - 310 კმ. 

საქართველოს სანაპირო ზოლის ფარგლებში შავი ზღვა განსაკუთრებული კომფორტულობით გამოირჩევა. წყლის მარილიანობა არ აღემატება 0.2-0.3%-ს, რაც რამდენჯერმე ნაკლებია მისი ცენტრალური და სამხრეთ ნაწილის ანალოგიურ მაჩვენებელზე. წყლის გამჭვირვალობა არ გამოირჩევა მაღალი მაჩვენებლით (6-8 მ), თუმცა მისი ზაფხულის ტემპერატურა (+24+260) ყველაზე მისაღებია რეკრეაციული და ბალნეოლოგიური თვალსაზრისით. კომფორტულია სანაპირო დინების სიჩქარეც, რაც 1 კმ/სთ-ს არ აღემატება.

მრავალფეროვანია ზღვის მცენარეთა და ცხოველთა სამყაროც. იგი პლანქტონისა და ცხოველთა სახეობრივი სიმრავლით გამოირჩევა. აქ თევზების 200-მდე სახეობა ბინადრობს, რომლის თითქმის 1/5 მტკნარი წყლისაა. მაგთან 30 ძვირფასია სარეწაო თვალსაზრისით. ასეთი თევზებია: ქაფშია, ქარსალა, შავი ზღვის სარდელი, ქაშაყი და ღორჯოსებრნი. შავი ზღვის ზომით ყველაზე დიდი თევზი - სვია შავი ზღვის ზუთხისებრთა შვიდი ოჯახიდან ერთ-ერთის წარმომადგენელია.

საქართველოს ფარგლებში შავი ზღვა არასდროს არ იყინება, რასაც ვერ ვიტყვით მის ჩრდილოეთ ნაწილზე. ამის გამო საქართველოს პორტები მოსახერხებელია და მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს.

შავი ზღვის სანაპირო ზოლში რეკრეაციული სეზონი რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. აქ არაერთი ცნობილი კურორტი (ბათუმი, ქობულეთი, კინდღი, გაგრა და სხვ.) და საერთაშორისო სტანდარტით გამორჩეული პლაჟია (კვარიათი, შეკვეთილი, ურეკი). საზღვაო კურორტების სიახლოვეს უხვი მცენარეულობით შემოსილი მთებია, რაც ზრდის მათ ესთეტიკურ და რეკრეაციულ მნიშვნელობას.  

შავი ზღვა უდიდეს გავლენას ახდენს საქართველოს ჰავის ფორმირებაზე - განსაკუთრებით ნალექების განაწილებასა და მიმდებარე ტერიტორიების ჰაერის ტემპერატურაზე. ბრიზები (დღეღამური პერიოდულობის ქარი) შავი ზღვის სანაპიროდან 100-120 კმ-ის დაშორებითაც კი ქრის.  

 

 

შავი ზღვის განვითარების ისტორია  

მცირე აზიაში მიმდინარე ტექტონიკურმა (რაც დაკავშირებულია დედამიწის ქერქის მოძრაობასა და დეფორმაციასთან) პროცესებმა მარმარილოს, აზოვის, არალის, შავი და კასპიის ზღვები ოკეანისგან გამოყო. შემდგომ პერიოდში შავი ზღვა გამტკნარებული ზღვა-ტბების ნაწილს წარმოადგენდა. ზღვა თანდათან მცირდებოდა, ხოლო მარილიანობა იზრდებოდა. მის ფარგლებში, 8 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა პონტოს ზღვა, რომელიც მოიცავდა შავ და კასპიის ზღვებს (იმ დროისთვის  კავკასიონის და ყირიმის მთები კუნძლები იყო). შავი და კასპიის ზღვები ერთმანეთს 1 მილიონი წლის წინ დაშორდნენ. კასპიის ზღვა მტკნარი დარჩა , ხოლო შავი ზღვა რამდენჯერმე შეუერთდა და დაშორდა ხმელთაშუა ზღვას.ისინი საბოლოოდ  8 ათასი წლის  წინ შეერთდნენ, მაშინ წარმოიქმნა ბოსფორის სრუტე. ხმელთაშუა ზღვიდან მარილიანი წყლის შემოჭრამ მრავალი ცოცხალი ორგანიზმის დაღუპვა გამოიწვია. სწორედ მათი ნარჩენების გახრწნამ წარმოშვა შავ ზღვაში გოგირდწყალბადის მარაგი.  

სახელის ისტორია

მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში წყალი შავი არ არის, ძველთაგანვე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მას “შავს" ეძახდნენ. ზუსტად ცნობილი არ არის ვინ, როდის და რატომ დაარქვა, ან ასე რატომ აიტაცეს ეს სახელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს:

ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ ზღვას — პონტ აქსინოს (ბერძ. Πόντος Ἄξενος) ეძახდნენ, რაც «არასტუმართმოყვარე ზღვა»-ს, ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც, მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (ბერძ. Πόντος Εὔξενος, «სტუმართმოყვარე ზღვა») დაარქვეს.

მეორე ვერსიის თანახმად, “შავი", ზღვას თურქებმა დაარქვეს, როდესაც ისინი, მისი სანაპიროს დაპყრობის დროს, დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. მათ ზღვას «კარადენიზი» დაარქვეს, რაც შავს, არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.

ჰიდროლოგების ვერსიით, ზღვა “შავი" იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი 200 მ.-ს ქვემოთ, წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს და ლითონთან შეხების დროს, მის კოროზიას იწვევს. დღეს გოგირდწყალბადიანი წლყის ზღვარი – 150-200 მ. სიღრმეზე გადის. მაგრამ, შესაძლებელია შორეულ წარსულში, ის ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებას წარმოქმნის, წყლის ზედა ფენებშიც იყო, რადგან როგორც ძველი მეზღვაურები ამბობდნენ, შავ ზღვაში ცურვის დროს, მათი გემები შავი აპკით იფარებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზღვაში შავი წყალი იყო.

 

 

საინტერესო ფაქტები შავ ზღვაზე:

  • ყველაზე საშიში თევზი, რომელიც შავ ზღვაში ბინადრობს,  შხამიანი ზღვის დრაკონი, რომლის ჩხვლეტა არა მხოლოდ მტკივნეულია, არამედ ზოგჯერ მომაკვდინებელიც;
  • შავ ზღვას ერთადერთ დიდი ნახევარკუნძული აქვს – ყირიმის;
  • შავ ზღვაში მობინადრე ძუძუმწოვრები არიან: ზღვის გოჭი, სელაპი და ორი ჯიშის დელფინი;
  • მთები, რომლებიც შავ ზღვას გარშემო აკრავს, გამუდმებით იზრდება, ისევე, როგორც თვითონ ზღვა. განსხვავება იმაშია, რომ მთელი ასწლეულის განმავლობაში მთები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით იზრდებიან, ხოლო ზღვა იგივე დროის განმავლობაში, 20-25 სანტიმეტრით მატულობს;
  • შავი ზღვა თითქმის არ იყინება, გამონაკლისია უკიდურესი ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილები,რომელიც  წელიწადში ერთხელ ყინულის თხელი ფენით იფარება;
  • ქიცვიანი ზვიგენი – ერთადერთი ზვიგენია, რომელიც შავ ზღვაში ბინადრობს. თუმცა, სანაპიროსთან ახლოს მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია;
  • იმის გამო, რომ 150-200 მ. ქვემოთ, ზღვის წყალი გოგირდწყალბადით არის გაჯერებული, ზღვა უსიცოცხლოა;
  • შავი ზღვის პლანქტონებიდან, აღსანიშნავია ერთი უჩვეულო სახეობის პლანქტონი – ე. წ. ღამის მანათობელი, რომელსაც ფოსფორიზაციის უნარი აქვს და ამის გამო, აგვისტოში, ხანდახან, შავი ზღვა ანათებს;
  • შავ ზღვაში, 350–400 კმ. სიგრძის, წყლის ორი წრიული დინებაა.  ამ წრებრუნვებს, მისი აღმომჩენის, ნ. კნიპოვიჩის საპატივცემულოდ, «კნიპოვიჩის სათვალე» უწოდეს.  
გაზიარება
პირადი კაბინეტი
პირად კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ:
ონლაინ გადახდა
VISA/MasterCard-ით
შიდა განვადების
მართვა
შეტყობინებებისა
და სიახლეების მართვა
მხარდაჭერა
Ticket-სისტემით
ზარის მოთხოვნა
Live Camera ვიდეო რგოლი პრეზენტაცია